RSS

რატომ დადიან ბავშვები „შატალოზე“

19 მაისი

kelly 🙂

„შატალო“ – ეს სიტყვა არავისთვის უცხო არ არის. პირიქით, ადამიანებში საუკეთესო მოგონებთან და ბავშვობასთან ასოცირდება. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთხელ მაინც შატალოს მონაწილე არ გამხდარა. სკოლაში მოსწავლეებმა ამ სიტყვისგან ნაწარმოები ახალი ტერმინი „შატალისტიც“ დაამკვიდრეს, რაც შატალოების მოწყობაში გაწაფულ, გაბედულ, მოსწავლეს ნიშნავს. ისინი ორგანიზებას უკეთებენ „შატალოს“ და თანაკლასელებს მოუწოდებენ ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებისკენ. ვინც შატალოზე არ წავიდოდა კლასელებისგან ე.წ. იარლიყის მიწებების მსხვერპლი ხდებოდა: ,,შკოლნიკი”, „ეს გაკვეთილს როგორ გააცდენს, ჩვენიანი არ არის”, „მასწავლებლის შნირი და მშიშარაა,“ „მოღალატე”… სახელდებისგან თავდასაცავად ბევრი მოსწავლე, როცა იდეას არ ემხრობოდა, იძულებული ხდებოდა საერთო კლასელთა გადაწყვეტილებისთვის პატივი ეცა და ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებიდან ერთი აერჩია: ან გაყოლოდა მათ, ან მარტივად- სახლში დარჩენილიყო და ამით პასუხისმგებლობა სკოლისა და თანაკლასელების წინაშე აეცილებინა.
7-ე კლასის მოსწავლე ვიყავი. 11 წლის მანძილზე კლასელებმა გავბედეთ და „შატალოზე“ წასვლა გადავწყვიტეთ. სკოლაში სიმკაცრე იყო და ყველანი, მეტნაკლებად, ვღელავდით. კლასში ხუთნი ფრიადოსნები ვიყავით, აქედან ერთის დაყოლიება ძალიან გაგვიჭირდა. ბევრს ვარწმუნებდით და როგორც იქნა დავითანხმეთ. ორშაბათი დილა რომ გათენდა სკოლის მიმდებარე ტერიტორაზე შევიკრიბეთ. ის ერთი ფრიადოსანი საერთოდ არ მოსულა, როგორც მოგვიანებით გავიგეთ მასწავლებლების თვალში ერთადერთი სანიმუშო მოსწავლის სახელის დასამკვიდრებლად. ისე მოხდა, რომ კლასის დამრიგებელმა ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ მალევე შეიტყო და გარეთ შეკრებილები დაგვინახა. ჩვენ მაშინვე გავიქეცით და დამრიგებელი ერთი მასწავლებლის თანხლებით უკან დაგვედევნა. მე და ჩემთან ხელჩაკიდებულ 3 ფრიადოსანს დაგვიძახა მობრუნდითო, ჩვენ ცოტახანს გავჩერდით და ვერ გადაგვეწყვიტა როგორ მოვქცელიყავით. ბოლოს ერთმანეთს შევხედეთ და გადავწყვიტეთ: გავიქეცით და კლასელებს შევუერთდით. გავირბინეთ ეზოები, ცენტრალურ ქუჩაზე გავედით და შევახტით „ტროლეიბუსს”, თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა: დამრიგებელი სამარშრუტო ტაქსით დაგვეწია და უკან სკოლაში დაგვაბრუნა. იმის მიუხედავად, რომ ყველანი დაგვსაჯეს ეს დღე სასიამოვნო მოგონებად დარჩა.
„შატალოზე“ წასვლის გადაწყვეტილებას ყველა თავისებური მიზეზიტ იღებს, ზოგისთვის ეს უბრალოდ გართობა და ადრენალინია, ზოგითვის მომდევნო ორიანის თავიდან აცილების საშუალება, ზოგისთვისაც მომაბეზრებელი გაკვეთილების თავიდან აცილების საშუალება, ჩემთვის რუსულის, ფიზიკის, ქიმიის და მათემატიკის გაკვეთილების გაცდენის არაჩვეულებრივი შანსი.
საინტერესოა, რატომ დადიან მოსწავლეები „შატალოებზე“ ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი რა თქმა უნდა არ იარსებებს. მიზეზი ბევრია, მათ შორის ზემოთ ჩამოთვლილი და სტერეოტიპებად დამკვიდრებული მოსაზრებები. თუმცა დაკვირვება ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა გადაწყვეტილების მოტივი სკოლებში არსებული წესებისა და ნორმატივების უგულებელყოფა და ამით თვისუფლებისკენ სწრაფვაა. თავსმოხვეული წესრიგი, იზოლაცია და კანონისადმი მორჩილება ეს ის შემზღუდველი ბარიერებია, რომელთა გათვალისწინება და მისდამი დამორჩილება სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა. მკაცრად განსაზღვრული სასწავლო ცხრილი, გაკვეთილების ხანგრძლივობა და დასწრების ვალდებულება. ვინც გაკვეთილს გააცდენს სპეციალურ გრაფაში ეს აუცილებლად დაუფიქსირდება. მოსწავლეებმა იციან, რომ წესებს ვერ გაექცევიან, რაც მათ აიძულებს საკუთარი მისწრაფებები ჩაახშონ და სინაგანაწესს დაემორჩილონ. „შატალო“ ეს არის მოსწავლეთა ჯგუფებისგან შემდგარი დროებითი კოალიცია. ჯგუფმა იცის, რომ ყველა დაისჯება, მაგრამ ეს სასჯელი არ იქნება მძიმე. სამაგიეროდ საკუთარი საქციელით აჩვენებენ, მასწავლებლებს, რომ წესებს თავისულად შეუძლიათ გვერდი აუარონ.
რა ხდება უნივერსიტეტებში? ყველასათვის აშკარაა, რომ მსგავსი შემთხვევები აქ არ ხდება. არავის მოსვლია აზრად ლექციების გაცდენა და „შატალოს“ ყველა მხოლოდ სკოლის პერიოდს უკავშირებს. ეს ალბათ იმიტომ, რომ უნივერსიტეტში ითვლები ზრდასრულ ადამიანად, მეტი თავისუფლება გაქვს. უნივერსიტეტში არავინ დაგსჯის ლექციის გაცდენის გამო, შესაბამისად აზარტი აღარ გამოძრავებს. და უნივერსიტეტში არსებული სისტემა საშუალებას გაძლევს თავად განსაზღვრო შენი ქმედებები.
„შატალო“ არის საშუალება შეეწინააღმდეგო სისტემას, რომელიც გზღუდავს და მორჩილებას მოითხოვს.

 

ტეგები: , , , , , ,

დატოვე კომენტარი